უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდა აუცილებელია - ამბობს კახა კალაძე

თბილისის ახალი მერი უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, ის მიესალმება ახალ რეგულაციებს და მიაჩნია, რომ ჯარიმის გაზრდა აუცილებელია.
„ეს ქალაქი მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის, რა თქმა უნდა მე უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს, ვარ ხალხის მიერ არჩეული ქალაქის მერი, მაგრამ საზოგადოებაც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქალაქის მოწესრიგებაში. საჭირო პლატფორმას ჩვენ შევქმნით. სირცხვილი უნდა იყოს თუნდაც ნაგვის გადაყრა, თუნდაც სიგარეტის გადაგდება. მესმის, რომ ეს რთულად გვეჩვენება, თუმცა მერწმუნეთ, რომ შესაძლებელია“, - ამბობს ქალაქის მერი.
გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
კახა კალაძემ დღეს ზოოპარკთან და ცირკთან მიწისქვეშა გადასასვლელები დაათვალიერა. თბილისის არჩეული მერის განმარტებით, მიწისქვეშა გადასასვლელებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
Comments
Post a Comment