ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება - სპეცოპერაციისას დაზარალებულები ბინებში ცოტა ხნით შეუშვეს
სროლებისა და აფეთქებების შედეგად დაზიანებული სადარბაზოს მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში რამდენიმე წუთის წინ შეუშვეს. ისინი ბინებიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ.
ადგილობრივების განცხადებით, ვითარება 46-ე კორპუსში რთულია, რადგან სადარბაზო, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებოდნენ, სრულად ამორტიზებულია.
„არ შეიძლება ცხოვრება, როგორ შეიძლება, ამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება. ჯერ კომპენსაციაზე არ ყოფილა საუბარი. არ ჩატარებულა ჯერ ექსპერტიზა,“ - განაცხადა დაზარალებულმა ნათია ბეგაშვილმა.
ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში კუთვნილი ნივთების ასაღებად შესვლის უფლება გამომძიებლების მისვლის შემდეგ მისცეს.
კორპუსის მცხოვრებთა უმეტესობა ამ დროისთვის სასტუმროშიადაბინავებული.
კორპუსის ვარგისიანობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა კი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

Comments
Post a Comment