ნატო საქართველოსთვის - უსაფრთხოების გარანტი თუ ტყუილი იმედი?
„ინგლისურად გვითხრეს, ფრანგულად გვითხრეს, გერმანულად გვითხრეს, ამდენი ხანია მე ქართულად ვამბობ ამას, კიდევ რა ენაზე უნდა გვითხრან? ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს კვლავ ლაპარაკობენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსზე, უბრალოდ პროვოკატორები და მატყუარები არიან,“- ეს განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდა.
ოლანდის თქმით, ქვეყნებს, რომელთაც სურთ, ნატო-ს შემოუერთდნენ, უარი უნდა ეთქვათ, რადგან ამ ეტაპზე ნატო არ უნდა გაფართოვდეს.
ამასობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველოს უახლოეს წლებში დე-ფაქტო აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოუწევს.
ამ ფონზე საქართვლოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს მტკიცება იმისა, რომ საქართველო განუხრელად ადგას ევროატლანტიკურ გზას და ქვეყნის საგარეო ვექტორი არ იცვლება.
რა არის ნატო საქართველოსთვის: უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი თუ, ტყუილი იმედი? დასავლეთის პოლიტელიტის განცხადებები ხომ არ ასხამს წყალს რუსეთის წისქვილზე? რას ნიშნავს გრეგორი კარასინის სიტყვები, რომ საქართველოს უახლოეს წლებში მოუწევს დე ფაქტო აფხაზეთისა და ოსეთისდამოუკიდებლობის აღიარება? ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ესაუბრება.
-ბატონო ჰამლეტ, როგორ შეაფასებდით საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ანალოგიური შინაარსის განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ობამამ და სხვა პოლიტიკოსებმაც გააკეთეს. როგორ ფიქრობთ, დასავლეთმა საქართველოს ზურგი აქცია, თუ ნატოში გაწევრიანების დაპირება იმთავითვე სატყუარა იყო?
-ის, რაც ოლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, მე 13 წლის წინ ვთქვი. ეს იყო დიდი ტყუილი, მაგრამ იცით, რაშია საქმე, ნატო არ არის მარტო სამხედრო ორგანიზაცია, ნატოს აქვს სხვადასხვა სახის პროგრამები, რითაც ჩვენი წინა ხელისუფლება იყო დაინტერესებული. მათ აქვთ გარკვეული მიზნები, რომლისთვისაც თანხები გამოიყოფა. ასეთი თანხა იყო გამოყოფილი, მაგალითად, მტკვრის ფსკერის გასუფთავებასთან დაკავშირებით. ამაში არაერთი მილიონი დაიხარჯა. ნატომ ეს ფული გამოყო, როგორ მოხდა მისი ათვისება, ვინ აითვისა და რა ორგანიზაციებმა გაასუფთავეს მტკვრის ფსკერი, ეს არავინ იცის. ასე, რომ ნატო ტყუილად არ მუშაობს, როგორც წინა, ასევე დღევანდელ ხელისუფლებას ნატოსთან დაკავშირებით საკუთარი მერკანტილური ინტერესები აქვს.
საქართველო ნატოს არ აინტერესებს. არის გაუთავებელი ტყუილები, რომ საქართველო შევა ნატოში, დღეს თუ არა, ხვალ მივიღებთ მაპს, თითქოს ეს მაპი ჩვენი გადამრჩენი იყოს. ეს არის სრული ბლეფი, მაგრამ ბლეფი არ არის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები, რომელსაც იქაურები და აქაურები საკუთარი მიზნების და კუჭის დასაკმაყოფილებლად იყენებენ.
რაც შეეხება ნატოში შესვლას, როგორი ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, რომ მისი ნატოში გაწევრიანება მოხდეს? უპირველეს ყოვლისა, საქართველოს თავის მეზობლებთან მყარი საზღვრები უნდა ჰქონდეს პრობლემების გარეშე. საქართველოს არცერთ თავის მეზობელთან, გარდა თურქეთისა, დემარკირებული საზღვარი არ აქვს. თურქეთ-საქართველოს საზღვარი არის ნაყოფი საბჭოთა კავშირ-თურქეთის ხელშეკრულებისა, თორემ საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის დემარკაცია არ მომხდარა. ჩვენ გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსერიოზულესი პრობლემა, პრობლემა რუსეთთან, რომელიც ნატოსთვის, ფაქტობრივად, ცხელი წეტილია. გარდა ამისა, პრობლემებია სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებითაც. ნატო არის ის ორგანიზაცია, რომელიც ვერ იტანს თავის რიგებში პრობლემურ სახელმწიფოს. ასე, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ნატოში მიიღებენ. ეს ყველაფერი საქართველოს მოსახლეობამდე მოტყუების გზით არის მოტანილი.
წინა ხელისუფლებაც და ახალიც აშკარად ატყუებს ხალხს, რომ საქართველოს ნატოში როდესმე მიიღებენ. ეს ყველაფერი ცნობილი იყო, მაგრამ უსუფაშვილი საქართველოს მოსახლეობას თვალში დღესაც მტვერს აყრის. მერე რაო, ეს არ ეხება საქართველოსო. ე.ი, წარმოიდგინეთ, თურმე ოლანდის განცხადება საქართველოს არ ეხება. ოლანდი პირდაპირ უარს ამბობს, უსუფაშვილი კი ატყუებს მოსახლეობას, ქვეყანას ტყუილებით აცხოვრებენ. საქართველოს მოსახლეობა კი, როგორც ბრიყვი და მორჩილი ბოჩოლა, ისე შეჰყურებს თვალებში ჩვენს ხელისუფლებას და ჰგონია, რომ ხელისუფლება მას გადაარჩენს და ნატოში შეიყვანს. ჯერ ერთი, მე არ მესმის რას ნიშნავს ნატოში შესვლა საქართველოსთვის. იმაზე არ ფიქრობენ ნატოში შესვლით საქართველოს რა მოუვა, ამით რას მივიღებთ და კარგი იქნება თუ არა ეს ქვეყნისათვის. ამაზე ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები არ ფიქრობენ. საქართველოს მოსახლეობაში ჯერ სერიოზულად არ დასმულა საკითხი სამსჯელოდ, რა გვინდა ჩვენ ნატოში. ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ მივდივართ ნატოში, რატომ მივდივართ? იმიტომ, რომ ნატო კარგია, იმიტომ, რომ ნატო ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებას - ეს ყველაფერი არის ბლეფი და ტყუილი.
-პოლიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ნატო საქართველოსთვის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია...
-ნატოში შესვლა საქართველოსთვის იქნება ტრაგედია. ჩვენ არა ვართ ბალტიისპირეთი, ჩვენი მეზობლები არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რაც მთავარია, რუსეთი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ნატოში შესვლის. აფხაზებიც და ოსებიც წინააღმდეგი არიან და თვლიან, რომ ნატოში შესული საქართველო მათთვის ძალიან დიდი საფრთხის მომტანი იქნება.
ჩვენ ანგარიშს არ ვუწევთ დიდ სახელმწიფოს, ჩვენი მეზობლის მეზობელს- ირანს. ირანი, რომელიც ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალით რეგიონის ერთ-ერთი მძლავრი ქვეყანაა, კატეგორიული წინააღმდეგია მის სიახლოვეს ნატოს სამხედრო ბაზები იხილოს.
ჩვენ არ ვართ ევროპაში, ჩვენ ვართ მცირე აზიაში. რაც არ უნდა ვიყვიროთ ახლა, რომ ევროპელები ვართ და ევროპაში ვართ, ეს გეოგრაფიული თვალსაზრისით არის დიდი ტყუილი. საქართველო ევროპაში არასდროს ყოფილა და ქართველისა და ევროპელის მენტალიტეტს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. აქედან გამომდინარე, ნატოში შესული საქართველო არის პრობლემა ამიერკავკასიისთვის და არამარტო. საქართველოს არავითარი თავდაცვა არ ექნება ნატოს მხრიდან, ვინაიდან ნატოში შესული საქართველო, საფრთხის თვალსაზრისით, იქნება პრობლემა თვითონ საქართველოსათვის იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც ის არის მოქცეული.
-ხომ არ ფიქრობთ, რომ ოლანდის და თუნდაც ობამას განცხადება რუსეთის დასამშვიდებლად გაკეთებული ერთგვარი რევერანსი იყო?
- დასამშვიდებლად არა, პირიქით, ერთიც და მეორეც რუსეთის მისამართით რაც შეიძლება მეტ გამაღიზიანებელს ამბობს, სანქციას სანქციაზე იღებენ. ორი-სამი დღის წინ ობამამ რუსეთის მიმართ წარმოებულ ეკონომიკურ სანქციებს ვადა ერთი წლით გაუგრძელა. ძალიან კარგად იციან ოლანდმა და ობამამ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, რუსეთი უკან არ დაიხევს და როგორც ევროპას, ასევე-ამერიკას დიდი პრობლემები შეექმნება.
-დასავლეთის ამ ტიპის განცხადებები ასხამს თუ არა წყალს რუსეთის წისქვილზე იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოზე, როგორც გავლენის სფეროზე, რუსეთს სრული კარტბლანში ეძლევა?
-დღეს გავლენის სფეროებზე აღარ არის ლაპარაკი, რადგან სხვანაირი მიდგომებია. რუსეთს უნდა ერთი რამ, რომ საზღვრებთან არ ჰყავდეს მის მიმართ მტრულად განწყობილი სამხედრო ბლოკი. აქედან გამომდინარე უნდა ვილაპარაკოთ და არა იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს რუსეთს უნდა თავის გავლენის სფეროდ დაიტოვოს ამიერკავკასია. დღეს ლაპარაკია ეკონომიკურ კავშირებზე და ლოიალურ განწყობაზე მეზობლებთან. თუ საქართველო ლოიალურად არ იქნება განწყობილი ისეთ დიდ სახელმწიფოსთან, როგორიც რუსეთია, პატარა ქვეყანა ყოველთვის უნდა ელოდოს დიდი ქვეყნიდან გამოწვევებს.
-რამდენად რეალურია ლოიალური განწყობის შენარჩუნება იმ ქვეყანასთან, რომელთანაც სულ ცოტა ხნის წინ ომი გადავიტანეთ და რომელსაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს?
-ავიღოთ ფინეთის მაგალითი. ფინეთ- რუსეთს შორის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ძალიან მტრული ურთიერთობა იყო ჩამოყალიბებული, რასაც წინ უძღოდა საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი. მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირმა გააკეთა ის, რაც სურდა, ვინაიდან ფინეთი ვერ დაიყოლია, ასე ვთქვათ, მეგობრულად დათანხმებოდა საბჭოთა ხელისუფლების წინადადებებს. ეს ომი საბჭოთა კავშირმა დიდი დანაკლისით მოიგო და დამარცხებულ ფინეთს ტერიტორიები ჩამოაჭრა. ნაცვლად იმისა, რომ ფინეთს სამარადისო მტრობა ჰქონოდა სსრკს-თან, სულ სხვა კურსი აირჩია. ეს კურსი იყო მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამ კურსის ორგანიზატორმა, ფინეთის პრეზიდენტმა კეკონენმა საბჭოთა კავშირის ლიდერებთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება მოახერხა. რა მოუტანა ამან ფინეთს? მოუტანა ის, რომ ფინეთმა ენერგომატარებლები, ხე-ტყე ძალიან დაბალ ფასებში მიიღო და რაც მთავარია, მიიღო რუსეთის დიდი ბაზარი. ფინეთის ეკონომიკამ საბჭოთა ბაზრით ზურგი გაიმაგრა. ამას მათთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა. ფინეთი ეკონომიურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა და დღესაც ცხოვრების დონით მსოფლიო სამეულში შედის. ახლა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია, მაგრამ მიუხედავად ამერიკელთა დაბეჯითებული თხოვნისა, გაწევრიანდეს ნატოში, ფინეთი რუსეთის პოლიტიკას ანგარიშს უწევს და ნატოში არ წევრიანდება.
საქართველოს ჩამოყალიბებული სასამართლო სისტემა არ აქვს, არ ჰყავს ისეთი ჯარი, რომელიც მიესადაგება ნატოს სტანდარტებს. ქართველ ჯარისკაცებს ცხელ წერტილებში საზარბაზნე ხორცად იყენებენ, მორჩა და გათავდა, მეტი არაფერი და ეს ვერ შეიგნო დღემდე ჩვენმა ხელისუფლებამ. ე.ი. რა სჯობს, ფინური გზა, რომელმაც ქვეყანა ფეხზე დააყენა, თუ ქართული გზა, რომელიც რუსეთთან სულ მტრობაშია და ფიქრობს, რუსეთის გავლენის ქვეშ არ მოექცეს. მე არ მესმის, საბჭოთა გავლენის ქვეშ ვიყავით 70 წლის განმავლობაში და საქართველოს მოსახლეობა 5,5 მილიონამდე გაიზარდა. ჩამორჩენილი ქვეყანა იყო საქართველო და ეს გაღატაკებული ქვეყანა გადაიქცა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის წარმატებულ რესპუბლიკად. 75 სახეობის ქართული ნაწარმი იყიდებოდა უცხოეთში.
რატომ არ ეშინიათ რუსეთის გავლენის აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, ცენტრალური აზიის ქვეყნებს? გული მისდით იმათ მოსკოვის შიშით თუ რა? საქმე ისაა, რომ აქ არის ბრიყვული პოლიტიკა და ამერიკული პროპაგანდა. ამერიკას სურს ეს ქვეყანა თავის პლაცდარმად აქციოს, ხალხი მას არ აინტერესებს, აინტერესებს ტერიტორია. ამერიკას ხალხი რომ აინტერესებდეს, დღეს სულ სხვანაირი მდგომარეობა იქნებოდა. ამერიკის ინტერესებში არცერთ ქვეყანაში არ შედის ხალხის ინტერესების დაცვა. ჩვენ ეს ვერ გავიგეთ ვერაფრით. ამ მტრობის ხატს ქმნიდა გამსახურდიადან დაწყებული ყველა ხელისუფალი საქართველოში და შედეგი სახეზეა. რუსეთი აქ ფეხს არ შემოადგამდა, ამერიკელ პოლიტიკოსებს სააკაშვილი რომ არ წაექეზებინათ.
-როგორ შეაფასებდით გრეგორი კარასინის განცხადებას, რომ საქართველოს უახლოეს წლებში მოუწევს დეფაქტო აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება? რას ნიშნავს ამ შემთხვევაში სიტყვა „მოუწევს“ ?
-მე ამ საკითხებში ვარ არა დილეტანტი, არამედ პროცესების ერთ-ერთი მონაწილე. შევარდნაძის ხელისუფლების დროს აფხაზ და ქართველ პოლიტიკოსებს შორის შეხვედრები გერმანიასა და ავსტრიაში 3-4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ მოლაპარაკებების დროს მთელ რიგ საკითხებზე შევთანხმდით. შევიმუშავეთ საქართველო-აფხაზეთის დაახლოების გეგმა. ეს იყო 2003 წელს, მე მაშინ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ამის შესახებ ხელმძღვანელობისთვის და შევარდნაძისთვის ცნობილი გახდა, მაგრამ ყურადღება არავის გაუმახვილებია, რადგან არჩევნები მოდიოდა და ყველა თავის სკამზე ფიქრობდა. შემდეგ მოხდა კიდეც ის გადატრიალება, რაც მოაწყო სააკაშვილმა. ვერცერთი გეგმა ვერ განვახორციელეთ აფხაზეთთან მიმართებაში. ხელისუფლებამ ვერ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აფხაზეთთან დაგვაახლოებდა, პირიქით, ჩვენი მოქმედება ყოველთვის იყო დასაშორებელი. ამ ყველაფერს სააკაშვილმა დაუსვა წერტილი, რასაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება მოჰყვა.
ახლა რა დარჩა საქართველოს? აფხაზები თავის დროზე ითხოვდნენ ფედერაციას ან კონფედერაციას. ამის თაობაზე არძინბამ ორი წერილი გამოაგზავნა თბილისში. შევარდნაძემ ნაცვლად მოლაპარაკებისა, ქვა ააგდო, თავი შეუშვირა და1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში ლაშქრით შევარდა, რაც დიდი დანაშაული იყო. დღეს ავტონომიაზე, ფედერაციაზე ან კონფედერაციაზე ლაპარაკი არის სრული ბლეფი და არაფრის მომტანი, იმიტომ, რომ ეს ქვეყნები უკვე დამოუკიდებლებია, გვინდა ეს ჩვენ, თუ არა. რეალობა ისაა, რომ ოთხმა ქვეყანამ აღიარა მათი დამოუკიდებლობა. მართალია, მათ არ ცნობს არც ამერიკა და არც ევროპა, მაგრამ ეს ვითომ არ ცნობენ.. გავა დრო და იცნობენ. ამის მაგალითები არსებობს თანამედროვე ისტორიაში. არ ცნობენ, მაგრამ აქვთ კავშირები და თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპელი პოლიტიკოსები დაძვრებიან, როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე-აფხაზეთში.
-რა შეიძლება გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველომ?
-საჭიროა რუსეთთან კონტაქტების აღდგენა, არა მწვანილის და ბოლოკის, არამედ სერიოზულ სახელმწიფოებრივ დონეზე, დაიწყოს მოლაპარაკებები, უნდა ხელი მოვაწეროთ თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას, აღვადგინოთ ეკონომიკური, კულტურული კავშირები და მერე ვნახოთ, ცხოვრება გვიჩვენებს... რუსეთი აფხაზს ვერ ეტყვის, წადი ახლა შენ და იცხოვრე ქართველთანო, ეს წარმოუდგენელია. ჩვენ დავუშვით ძალიან უხეში შეცდომა, ქვეყნის ღალატის ტოლფასი, რომელიც არცერთ ხელისუფლებას არ ეპატიება, მათ შორის, არც დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან ის აჭიანურებს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას. ეს გაწყვეტილი კავშირები არ გვაძლევს საშუალებას აფხაზებთან და ოსებთან აღვადგინოთ ურთიერთობები. ჩვენ სულსწრაფი ხალხი ვართ, უცებ სისულელეს ჩავიდენთ, მერე როდესაც კარგად გაგვლახავენ და ცხვირ-პირს გაგვიერთიანებენ, მოვთქვამთ და ყველას ვადანაშაულებთ. ის, რომ ჩვენ მანამ არ აღვადგენთ ურთიერთობას, სანამ რუსეთს ცხინვალში და სოხუმში თავისი საელჩო ეყოლება, როგორც ამას ქალბატონი ფანჯიკიძე ამბობდა, არის ძალიან დიდი სისულელე. ეს არის ის, რასაც რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სამარადისოდ ურთიერთობის გაწყვეტა ჰქვია.
P.S. დიდი ხანია ეჭვია, „ნატო“ ის იმედია, სეთურის ზებო რომ აკეთებს გვირაბში. მაგრამ „რას ფიქრობს ხალხი, თუ იცი? რას ფიქრობს და, ჩვენ რომ ასე ადვილად ვწვდებით ჩვენი ჭკუით მაგ საქმეს, სხვანაირად არის, ალბათო. ასე მტკნარ ტყუილს სეთური როგორ გვეტყვის, და გამოვა ჭაში ეგ ხვრელი, აბა, რას იზამსო“... ასე ხომ არაა ნაანგარიშევი ეს?...



Comments
Post a Comment